English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
მსხვილი ბიზნესის ინოვაციური განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსხვილ საწარმოთა ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესი, გაანალიზებულია მისი სტრატეგიული მიმართულებები, ინოვაციური ეფექტიანობისა და ბიზნესის განვითარების პერიოდებში მისი პერსპექტივა საქართველოში.გადმოცემულია მსხვილი ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები,ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივა,მოცემულია ევროინტეგრაციული  და ინოვაციური განვითარების პერიოდებთან ურთიერთმიმართებაში,რაც თანამედროვე საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობათა გაფართოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და მსხვილი კომპანიების ინოვაციურობის ამაღლებით  შეიძლება იქნეს მიღწეული .

 საკვანძო სიტყვები: ინოვაცია , პერსპექტივა , კომპანია , ბიზნესი , ინტეგრაცია

შესავალი 

თანამედროვე ბიზნესის განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების გააქტიურება წარმოებისა და მომსახურების სისტემებში მმართველობითი სიახლეების, ორგანიზაციული პრინციპების გამოყენება. იგი საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესის ინოვაციური განვითარებისთვის საჭირო საშუალებაა. ინოვაციური განვითარება მრავალი ფაქტორის გავლენით შეიძლება იქნეს მიღწეული.  ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესი და მასთან დაკავშირებული შედეგი დამოკიდებულია წარმოების, საბაზრო და მმართველობითი სისტემის ეფექტიანობაზე, რაც მსხვილ საწარმოთა, მსხვილი ბიზნესის ინოვაციურ პერსპექტივას განაპირობებს და საქართველოს ეკონომიკურ ზრდას უდევს საფუძვლად. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მსხვილი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინოვაციური სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ევრომეწარმეობის გაფართოებით, ბიზნესის სისტემის, მეცნიერებისა და ტექნიკის ინოვაციების შექმნისათვის არსებული ორგანიზაციების ინტეგრაციის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს. ძირითადია, აგრეთვე, იმ ფაქტორების  დადგენა, რომლებიც საქართველოს ბიზნესის ინოვაციურ განვითარებას განაპირობებენ, ასევე მის პერსპექტივასაც განსაზღვრავენ, რაც საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობების გაფართოების და გლობალიზაციის გადამწყვეტ საშუალებად გვევლინება. 

შინაარსი 

ეკონომიკური და სოციალური განვითარების თანამედროვე პროცესში, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საქართველოში არსებული ბიზნესის სისტემის შემოსავლების ზრდა, ამისათვის საჭირო ინოვაციებისა ტექნოლოგიების გამოყენების გზების და სიახლეების შემუშავება, რაც მისი საწარმოო და ინოვაციური პერსპექტივის ძირითადი საფუძველი და აუცილებელი წინაპირობაა. ინოვაციური განვითარების აღნიშნული პროცესი და მისი პერსპექტივა დაკავშირებულია საქართველოში არსებული ბიზნესის სისტემის საქმიანობის მმართველობითი სიახლეების საშუალებით წარმართვასთან, მსხვილ წარმოებათა ინოვაციურობის ამაღლებასა და ამით ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ საშუალებათა წარმოქმნასთან, რაც ძირითადად მსხვილი ბიზნესის საწარმოო და საბაზრო არეების გაფართოებით შეიძლება იქნეს მიღწეული. აღნიშნული საფუძველს უქმნის, აგრეთვე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნესის საქმიანობაში გამოყენებისათვის, დასაქმების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების და სხვა სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტის დროს. ამიტომ, ინოვაციური განვითარების პროცესის ხანგრძლივობა და პერიოდული ხასიათი განაპირობებს მისი პერსპექტივების დადგენის აუცილებლობას. ამით იგი ბიზნესის სისტემის ფუნქციონირების დროს წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზანს ემსახურება.

ინოვაციური განვითარების პერსპექტივები საქართველოში შეიძლება განხილული იქნას მსხვილი ბიზნესის საქმიანობისა და ევროინტეგრაციულ პროცესებთან ურთიერთმიმართებაში. ასევე ძირითადია მსხვილ საწარმოთა საბაზრო ურთიერთკავშირების დამყარება და ტექნოლოგიური ალიანსებისა და ინფორმაციული ურთიერთკავშირების ბიზნესის სისტემაში წარმოქმნასთან ერთად მისი გათვალისწინება.

მსხვილი ბიზნესის ინოვაციურ განვითარებას აქტიურად უკავშირდება: ევროინტეგრაციის პროცესი და საბაზრო ურთიერთობებისგან მტკიცებას, გლობალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტისათვის საჭირო საწარმოო და ფინანსური შედეგების ამაღლებას და შემოსავლების ზრდის პერსპექტივაში მისაღწევად მათ გამოყენებას, ტექნოლოგიური ალიანსების ჩამოყალიბებას და ამით ბიზნესის ობიექტების ამოქმედებას ამ მიზნით საწარმოო, მეცნიერული და ტექნიკური სიახლეების დანერგვის დროს ინტეგრაციას. აღნიშნული პროცესების განსახორციელებლად აუცილებელი პერსპექტივა ძირეულად უკავშირდება საქართველოში მსხვილი საწარმოების ინოვაციურ განვითარებას, რაც შეიძლება განისაზღვროს შემდეგი ელემენტების საშუალებით :

1) ბიზნესის ინოვაციური განვითარების სტრატეგია, რომელიც შემუშავებული უნდა იქნეს მსხვილ საწარმოთა და მომსახურების სისტემის განვითარების მიზნით;

2) ინოვაციური ტექნიკის წარმოების გაფართოება მსხვილ საწარმოო სისტემათა ტექნიკური განახლებისთვის;

3) ბიზნესის ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;

4) განათლებისა და ტექნიკის ინოვაციების შექმნისათვის საჭირო ცოდნის სისტემა, რომელიც ბიზნესისათვის საჭირო საწარმოო და საბაზრო პროცესების განხორციელებას უახლესი ეკონომიკური და ტექნოლოგიური მეთოდების საფუძველზე განაპირობებს.

აღნიშნული ელემენტების საშუალებით წარმოქმნილი ინოვაციური სისტემის ფუნქციონირება ძირითადად მიმართულია ევროინტეგრაციის მიღწევისა და ოცდამეერთე საუკუნის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების, მსხვილი ბიზნესის საშუალებით ეკონომიკის პრაქტიკაში რეალიზაციის განსახორციელებლად .

ძირითადად მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივა დაკავშირებულია დიდ ფირმებსა და კომპანიებში შრომითი პროცესის ახალი მეთოდების გამოყენებასთან, რაც კომერციულსა და მმართველობაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი სისტემის შემოღებასაც ითვალისწინებს. ბიზნესის ინოვაციური განვითარების პერსპექტივა განიხილება ამ პროცესისთვის დამახასიათებელი ისეთი ფაქტორების საფუძველზე, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური ზრდის მისაღწევ და რეგულირების რეჟიმის, მისი მმართველობის ორგანიზაციის ამსახველ მოვლენათა აუცილებლობას. ამიტომ მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივა აქტიურად უკავშირდება:

1) კორპორაციების ახალი საწარმოო და მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას;

2) ინოვაციების მოზიდვისა და ახალი პროდუქციის წარმოების გაფართოებისთვის საჭირო კაპიტალის გამოყენებას მაკროეკონომიკური ზრდის მიზნებისთვის;

3) წარმოების ზრდისათვის აუცილებელი დანახარჯების შემცირებით საბაზრო სტაბილურობის მიღწევას;

4)  შიგა საბაზრო ურთიერთობების გაფართოებას და მნიშვნელოვან ძვრებს საწარმოო მეთოდებისა და ტექნოლოგიის ათვისებაში;

5) ინფორმაციული და საწარმოო ტექნოლოგიების ათვისებას, ამით კონკურენტულ გარემოს  წარმოქმნას, სიახლეების შეტანას, ფირმების ადაპტაციას ევროსაბაზრო ურთიერთობის განვითარებაზე. ამით ახალ საბაზრო პოზიციის წარმოქმნას ინოვაციურთან ურთიერთმიმართებაში არსებული ბიზნესის პერსპექტივა ახალი ბიზნეს მოდელების და ორგანიზაციული ფორმების გამოყენებას მოითხოვს, რაც უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკის სიახლეების ათვისებას პერსპექტივის ეკონომიკაში.

პერსპექტივა მსხვილი ბიზნესის ინოვაციური განვითარებისთვის დაკავშირებულია იმ პროგრესულ მიმართულებათა განხორციელების პროცესთან, რომელიც ცოდნის, ტექნიკისა და ტექნოლოგიის გამოყენების სფეროებს მოიცავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შექმნის მიზნისათვის, ასევე კონკურენტუნარიანი საბაზრო პროცესების შესაბამისად ბიზნესის ინოვაციური სტრატეგიის განხორციელებისათვის. ბიზნეს ინოვაციური  პერსპექტივისათვის ძირითადს წარმოადგენს საბაზრო სისტემებში ურთიერთ კონკურენციაში  მყოფი კომპანიების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და მათი განხორციელების გზების დასადგენად საჭირო მიმართულებების შემუშავებას. მათ შორის მთავარია:

1) საბაზრო სისტემისათვის განსაზღვრულ სეგმენტზე ინოვაციური სიახლეების შეტანა;

2) კონკურენტუნარიანი კომპანიების მიერ მაღალი საბაზრო ეფექტიანობის მიღწევა მოგების გადიდების შედეგად ან მათი დიფერენცირება ინოვაციური სიახლეების საფუძველზე;

3) ურთიერთგანსხვავებული საბაზრო სტრატეგიების გამოყენების გზით კონკურირებადი კომპანიებისთვის  კონკურენციის არეებისა და სივრცობრივი საზღვრების მიკუთვნება;

4) ცოდნისა და განათლების ამოსავალი სისტემის შემუშავება, ამით საბაზრო გარემოს წარმოქმნა აღნიშნულთან დაკავშირებულია, აგრეთვე, კონკურენტული სტრატეგიის გამოყენება, რომლის მიზანია ფირმათა ინოვაციური განვითარება და პროდუქციის ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესება, რაც მოითხოვს მმართველობითი ხარისხის მეთოდის გამოყენებასაც. იგი დაკავშირებულია მსხვილი ფირმების დანახარჯების შემცირების პერსპექტივასთან და მოგების გადიდების შესაძლებლობასთან ,ამ პროცესების მართვის ორგანიზაციული სისტემის სრულყოფასთან.

პერიოდი, რომელიც ბიზნესის ინოვაციური განვითარების პერსპექტივასაც განაპირობებს, მსხვილი ფირმების ფუნქციონირების პროცესის საფუძველს წარმოადგენს. იგი დროის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და მსხვილ საწარმოთა და მომსახურების საბაზრო სისტემის განვითარებისთვის საჭირო პერიოდებისგანაა შედგენილი, რომელიც ბიზნესის სისტემის ტექნიკური და ტექნოლოგიური გარდაქმნის განხორციელებისთვისაა აუცილებელი და შესაძლებელია მეცნიერული და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნის ზრდის საფუძველზე, მისი გადაცემა კი ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს, ბიზნესის ინოვაციურ პერსპექტივასთან დაკავშირებულია მისი მმართველობითი სისტემის გარდაქმნა ახალ საბაზრო მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ინოვაციური პროდუქციის წარმოების ათვისების პროცესის და ტექნოლოგიური სიახლეების ცოდნის გავრცელებასთან ურთიერთმიმართების გათვალისწინებისას ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

ინოვაციური სტრატეგიის შემუშავება ბიზნესის სისტემისათვის საბაზრო ლიდერობის მისაღწევი ძირითადი საშუალებათაგანია. მსხვილი ფირმების სტრატეგია წარმოადგენს მათი კონკურენტუნარიანობის და საბაზრო ურთიერთკავშირების მისაღწევ საშუალებას, ამასთან დაკავშირებით ძირითადია:

1) ურთიერთდაკავშირებულ ფირმათა ორგანიზება რესურსების გამოყენებისა და მათთვის აუცილებელი საბაზრო შედეგების მიღების პროცესში;

2) სტრატეგიული ლიდერი ფირმის მიერ ბიზნესის განვითარებაში უწყვეტობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც მისი ინოვაციური პერსპექტივის წარმოქმნისთვისაა აუცილებელი.

აღნიშნულის თანახმად, ბიზნესის ინოვაციური განვითარების შესაძლებლობანი: რესურსების ორგანიზებულობა, საწარმოო კაპიტალის სიდიდე, ფინანსური სახსრების გამოყენების პროცესში განაპირობებს თანამედროვე მსხვილი ბიზნესის წარმატებას და ინოვაციური განვითარების პერსპექტივას საქართველოში. 

დასკვნა 

ბიზნესის ინოვაციური განვითარების პერსპექტივის საფუძველს წარმოადგენს მისი ტექნოლოგიური, ტექნიკური, მეცნიერული და პრაქტიკული ცოდნა, სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად ეკონომიკური ზრდის და სოციალური პროცესების განხორციელებისათვის აუცილებელი საწარმოო და საბაზრო გარემოს წარმოქმნა.

ინოვაციური პერსპექტივის დადგენა საშუალებას იძლევა განსაზღვრული იქნას საქართველოში საწარმოო და მომსახურების სისტემებისათვის ტექნიკური და ტექნოლოგიური, ასევე მმართველობითი სიახლეების გამოყენებით, ევროინტეგრაციის პროცესებსა და გლობალიზაციაში მონაწილეობის შესაძლებლობანი.

მსხვილი ბიზნესის ინოვაციური პერსპექტივა განიხილება, როგორც დიდი ფირმების განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელზეც დამოკიდებულია, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, საწარმოო და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობანი.

თანამედროვე ბიზნესის სისტემაში ფუნქციონირებად  ფირმებსა და კომპანიებში ინოვაციური სატრანსპორტო და საბაზრო საშუალებათა გამოყენება წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელ საფუძველს, საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობების გარდაქმნების ვითარებაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. აბესაძე რ. მწვანე ეკონომიკის არსი და გამოწვევები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული ,,მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თანამედროვე პრობლემები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2019 

2. ბერულავა გ., ცუცქირიძე მ., გოგოხია თ., თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება ეკონომიკაში, სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი XI , თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი , 2018 .

3 . ცუცქირიძე მ., ბიზნესის ინოვაციური განვითრების პროცესში ინვესტიციების გამოყენება საქართველოში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2020